საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა, რომლის დღის წესრიგით ორი საკითხი იყო განსაზღვრული: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა და კომიტეტის დებულების დამტკიცება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პირველი მოადგილის კანდიდატად პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება მოადგილეებს, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, უმრავლესობის ფრაქციიდან არ არის წარმოდგენილი მოადგილის კანდიდატურა, ასევე არ არის შემოსული კანდიდატურები ოპოზიციიდანაც. შესაბამისად კომიტეტმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის დამტკიცების საკითხზე იმსჯელა და კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულებაზე მსჯელობისას ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დებულება ემყარება პარლამენტის რეგლამენტს, მუშაობის პროცესში თუ გამოიკვეთება რაიმე ცვლილების საჭიროება, ამაზე კომიტეტი იმსჯელებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მე მქონდა შეხვედრა კომიტეტის აპარატთან და ყველა იმ ტრადიციას, რაც ამ კომიტეტს ჰქონდა წლების განმავლობაში, გავიზიარებთ და შევეცდებით ვიყოთ თანმიმდევრულები და თუ სადმე ნოვაციის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველამ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან ასევე, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის რეგლამენტზე და აღნიშნა, რომ ის საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და მაშინ პარლამენტის რეგლამენტი, სულ რამდენიმე გვერდს შეადგენდა.

„ახლა კი ეს დოკუმენტი 300 გვერდს მოიცავს. აქედან გამომდინარე ნათელია, როგორ გაიზარდა პარლამენტი შინაარსობრივად და ფუნქციურად, როგორ სკურპულოზურად რეგლამენტირებულია პარლამენტის საქმიანობა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი შემოქმედებითია, ამოუწურავია და სწორედ ამ კომიტეტში გამოცდილი დეპუტატები ხელს შეუწყობენ საკანონმდებლო მუშაობაში პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის დებულებას.