საქართველოს მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები 1429 საჯარო სკოლაში ჩატარდა
საქართველოს მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები 1429 საჯარო სკოლაში ჩატარდა

საქართველოს მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები 1429 საჯარო სკოლაში ჩატარდა. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ კოლეჯებში ახალი კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ინტენსიური დეზინფექცია მიმდინარეობს.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

სასწავლო დაწესებულებები სადეზინფექციო სამუშაოებს პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ.

საქართველოს მასშტაბით 2083 საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს.

დატოვე კომენტარი