საქართველოს მასშტაბით 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს
საქართველოს მასშტაბით 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია იმუშავებს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ეროვნული სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამის აკრედიტაციის სტატუსს ფლობს და დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გრძელვადიანი ხედვის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების შესწავლა, დანერგვა და შემდგომ აკრედიტაცია. უახლოეს 10 წელიწადში, ლაბორატორიაში ამჟამად არსებული კვლევების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზრდება.

„მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში, ლაბორატორიის ქსელში, უკვე არსებულ ლაბორატორიებთან ერთად (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, დუშეთი, გურჯაანი, ოზურგეთი, გორი, მარნეული, ბათუმი, ამბროლაური, ზუგდიდი), დამატებით, ორი ახალი ლაბორატორია (საჩხერე, მესტია) დაიწყებს აქტიურ მუშაობას. საქართველოს მასშტაბით, 13 სრულად ფუნქციური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის მქონე ლაბორატორია იმუშავებს.

ლაბორატორიაში უწყვეტი აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება არსებული კვლევის მეთოდების რეაკრედიტაცია. გარდა ამისა, ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველწლიურად წარმატებით გადიან საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირებებს“, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.