საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ნატო-სა და ევროკავშირის ოფისებში შეხვედრები გამართა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ნატო-სა და ევროკავშირის ოფისებში შეხვედრები გამართა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

ვიზიტი რონდელის ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, მასში სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ესტუმრნენ ნატო-ს სათავო ოფისს, სადაც შეხვდნენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის. ასევე, მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა ევროპარლამენტსა და ევროპის სახალხო პარტიის (epp) ოფისში.

მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები დაესწრნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას, შეხვდნენ ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კომიტეტის (TBC) წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს. საქართველოს ეკლესიის მხრიდან სემინარზე „ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“ მოხსენებით წარდგნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) და დელეგაციის სხვა წევრები.

„ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია უშუალო, დამხმარე ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე, საუბარი ევროპისა და ნატო-ს უმაღლესი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ობიექტური ინფორმაციის გაცვლა. გამოიკვეთა სამომავლო ურთიერთობის ახალი ეტაპი და დაისახა თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის დაცვისკენ, საერთო ქრისტიანული ფასეულობების შენებისა და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ამასთან, აღინიშნა, რომ ამ პროცესებში განსაკუთრებულია მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური ჩართულობა და მისი ღია ურთიერთობა საზოგადოებასთან“, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.

მათივე განცხადებით, საგულისხმოა, რომ უახლოეს მომავალში, უშუალო და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში.