საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ 22 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ორი მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ჯორჯ კენტს, შემდეგ ასევე ცალკე შეხვედრა გაიმართა სემ ბრაუნბეკთან, აშშ-ის საგანგებო დავალებათა ელჩთან საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებში.

„შეხვედრებზე, რომლებიც უშუალო გაცნობასა და შუამავალი ორგანიზაციების გარეშე ურთიერთობას გულისხმობდა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი უშუალო ურთიერთობები და პირადი შეხვედრები გაცილებით ნაყოფიერ და ქმედით შედეგებს გამოიღებს, რადგან ეკლესიას ეძლევა შესაძლებლობა, თავად ისაუბროს და სხვათა შუამავლობის გარეშე გააცნოს ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეს ეკლესიის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

შეხვედრების ბოლოს, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მასპინძლებს წმინდა გიორგის ხატები უსახსოვრა.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ კენტი საქართველოს ორ კვირაში ეწვევა.

დატოვე კომენტარი