საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პირველ ივნისს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავის აღნიშვნას იწყებს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დღეს, 10:00 საათზე, მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარი.

9 ივნისს, კვირა დღეს, 10:00 საათზე, ასევე საზეიმო წირვა ჩატარდება ბოდბეში, სადაც იკურთხება და გაიხსნება წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებული ეკლესია.

დღეს, 10:00 საათზე, ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. ამასთან, ის შეუერთდება მსვლელობას, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.