საქართველოს ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს
საქართველოს ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს

საქართველოს ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც მეუფე ჯუზეპე პაზოტოს მიერ გამოცემულ დეკრეტშია ნათქვამი, ეკლესია მრევლს მითითებას აძლევს, რომ წირვის დროს ზიარება მოხდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით მიცემით.

„საზოგადოებრივი გვერდითდგომის ამ სულისკვეთებით, რომელიც ჩვენთვის სათავეს იღებს უშუალოდ რწმენიდან, მწადია, რომ ყველა ჩვენგანმა გაიზიაროს ზოგიერთი მითითება, რამაც შესაძლოა მოითხოვოს ჩვენგან მსხვერპლის გაღება, მაგრამ წარმოადგენს სიყვარულისა და ყურადღების ნიშანს საკუთარი თავის მიმართ და კიდევ უფრო იმათ მიმართ, ვინც შესაძლოა ჩვენზე უძლურია. ყოველივე იმის გარდა, რაც დაგვავალა კომპეტენტურმა ხელისუფლებამ, გატყობინებთ, რომ ამ პანდემიის პერიოდში:

ტაძარში შესვლისას პირჯვარი გამოისახეთ და მუხლი მოიყარეთ ნაკურთხ წყალში ხელის დასველების გარეშე. არ გამოიყენოთ ასევე ნაკურთხი წყალი სასმელად;

მშვიდობის ნიშნის გაცვლა მოხდეს გვერდით მდგომისთვის თავის დაკვრით;

წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლესიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც, უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენზე, რომელიც გვეძლევა. მოძღვრებმა აუხსნან მორწმუნეებს თუ როგორ ხდება ამ ფორმით ზიარება (იხ. დანართი).

თანამწირველების შემთხვევაში ყველა მღვდელი ეზიაროს უფლის ხორცის ბარძიმში ჩაწობით, მხოლოდ ბოლო მაზიარებელმა მღვდელმა მიიღოს ბარძიმის შიგთავსი სრულად.

თუკი რომელიმე პიროვნება ავადაა, ან გაციებულია და სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, იგი გათავისუფლებულია ლიტურგიაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან. ძალზე ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ სახლში დარჩნენ და პირადად ილოცონ. მომავალი კვირადღიდან შესაძლებელი იქნება ინტერნეტში პირდაპირი ჩართვით წმ. წირვის ნახვა, მისამართზე: www.youtube.com/ The Media of the Catholic Church in Georgia 12:00 სთ-ზე)

ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა.

ეკლესიაში წასვლამდე და ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, მღვდლებმა და მორწმუნეებმა გულმოდგინეთ დაიბანონ ხელები.

ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე (მაგ. მოახლოებულია წმ. იოსების დღეობა არალში). მდგომარეობის განვითარების მიხედვით შეგატყობინებთ შესაძლო სამომავლო მითითებებს შემდგომი დღეებისათვის“, – ნათქვამია მეუფე ჯუზეპე პაზოტოს დეკრეტში.