საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით სამდღიანი ფორუმი გაიხსნა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით სამდღიანი ფორუმი გაიხსნა

არქეოლოგიური კვლევა-ძიების პირველი საანგარიშო სესიის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით 3 დღიანი ფორუმი გაიხსნა.

ფორუმი 2017 წელს წარმოებული საველე არქეოლოგიური გათხრების შედეგებს შეაჯამებს, რომელსაც 100 მდე მკვლევარი და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი დაესწრება.

სესიის პირველ დღეს თავიანთი ანგარიშები წარადგინეს არქეოლოგებმა – ვახტანგ ჯაფარიძემ, კონსტანტინე ფიცხელაურმა, ზვიად კვიციანმა, ნიკო მურღულიამ, ნიკა თუშაბრამიშვილმა, გოდერძი ნარიმანიშვილმა, ზურაბ გიორგაძემ, გიორგი ლაღიაშვილმა და გურამ ყიფიანმა. სესიის დასასრულს გაიმართა სამეცნიერო დისკუსია.

საანგარიშო სესიების სახით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საფუძველს უყრის ტრადიციულ ფორმატს, რომელიც საანგარიშო წლის განმავლობაში არქეოლოგიური კვლევების შედეგებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების საზოგადოებისთვის გაცნობას, არქეოლოგიასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების განსჯას ისახავს მიზნად.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, გასულ წლებამდე, არქეოლოგია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შემსწავლელი დარგი, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„სამეცნიერო მიმართულება განიცდიდა ახალი პროფესიული კადრების ინტერესის დაქევითებასა და შევსების კრიტიკულ ნაკლებობას, რაც მეტწილად არასათანადო დაფინანსებით იყო განპირობებული. სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის აქტიური ჩართულობით 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დისციპლინისადმი. რადიკალურად შეიცვალა. 3 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა დარგის დაფინანსება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 34 არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელთა ჯამური ხარჯები 1,648 მილიონი ლარით განისაზღვრა. დაფინანსების ეს პარამეტრები ქვეყნის პოსტსაბჭოთა რეალობისთვის უპრეცედენტოა, რაც გასული 25 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. არქეოლოგიური კვლევის ანგარიშებს, სასესიო მასალების სახით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს ბეჭდურად გამოსცემს.

გაზრდილი საბიუჯეტო ასიგნებების საფუძველზე, სააგენტო 2018 წელს არქეოლოგიური კვლევა-ძიების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. სააგენტოს ინიციატივითვე, მომდევნო წლიდან არქეოლოგიურ ექსპედიციებს სახელშეკრულებო პირობებში მინიმუმ 5 სტუდენტის ჩართვა ვალდებულების სახით განესაზღვრებათ, რაც დარგისთვის პრაქტიკული გამოცდილების მქონე კვალიფიციური კადრების მობილიზებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაში.