საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წიგნის გამომცემლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წიგნის გამომცემლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად სხვადასხვა მსხვილი გამომცემლობების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის 47-ე დადგენილებას „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიხედვით მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან გარკვეული რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. გამომცემლები ამ რეგულაციების ამოქმედებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ, ვინაიდან რეგულაციები ისეთ წიგნებსაც ეხება, რომლებსაც შემეცნებითის გარდა, გასართობი ფუნქციაც აქვს (ე.წ. „წიგნი-სათამაშოები“).

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოზარდის განვითარების პროცესში წიგნის როლზე და იმაზეც, რომ მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში თუ ბავშვისთვის წიგნი არ იქნება მიმზიდველი, ის მარტივად განიდევნება ახალგაზრდის ცხოვრებიდან. ამიტომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ბავშვისთვის მიმზიდველი და ამავდროულად, შემეცნებითი ხასიათის წიგნების რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებას.

შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ზემოხსენებულ დადგენილებაში შეტანილ იქნეს გარკვეული დაზუსტებები, რაც წინასწარი შენიშვნებისთვის გამომცემლებს წარედგინებათ.