საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას 2010 წელს მათი საცავებიდან გატანილ ექსპონატებს უბრუნებს
საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას 2010 წელს მათი საცავებიდან გატანილ ექსპონატებს უბრუნებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას 2010 წელს მათი საცავებიდან გატანილ ექსპონატებს უბრუნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სამინისტროს შენობაში მოძიებულ იქნა ყველა ის ექსპონატი, რომელიც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს გატანილი იქნა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან.

უწყების ცნობით, 12 ფერწერული ტილო, რომლებიც დაუბრუნდნენ მუზეუმებს, ესენია: „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“ – ედმონდ კალანდაძე; „ნატურმორტი“ – გურამ (ხიტა) ქუთათელაძე; „განდევნა“ – ლევან ლაღიძე; „ფასანაური“ – ელენე ახვლედიანი; „ძველი ქუთაისი“ – ელენე ახვლედიანი; „პეიზაჟი“ – გურამ (ხიტა) ქუთათელაძე; „ფოთოლცვენა“ – იდა ოცხელი; „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“ – რადიშ თორდია; „შემოდგომა“ – მიხეილ ხვიტია; „ძველი სახლი“ – თენგიზ ცხონდია; „დანტე“ – სერგო ქობულაძე; „შოთა რუსთაველი“ – სერგო ქობულაძე.

„2021 წლის აპრილში, როდესაც ამ შენობაში შემოვედით, დავიწყეთ იმ ექსპონატების შეგროვება, რომლებიც მუზეუმებიდან იყო გამოტანილი. არის შვიდი ექსპონატი, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, დაცული უნდა იყოს სამინისტროში, მაგრამ აქ არ აღმოჩნდნენ. გვაქვს ფაქტებით გამყარებული ვარაუდი, რომ ეს ექსპონატები დაკარგული არ არის, თუმცა ვთანხმდებით, დღეს ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომ დავიწყებთ ოთხი ექსპონატის ჩეხეთიდან დაბრუნებას. როგორც აღმოჩნდა, 2010 წელს გაუტანიათ, მაშინდელ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას და როგორც კი ეს ექსპონატები დაბრუნდება, 11 წლის შემდეგ საქართველოში, რა თქმა უნდა, ადგილს დაიდებენ ფონდებში.

ასევე არის სამი ექსპონატი, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით, უნდა იყოს სამინისტროში. არის ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, რომ უკვე არიან მუზეუმებში, თუმცა შევთანხმდით, რომ სამი ექსპონატის ბედი, პირველ რიგში, იქნება დოკუმენტურად გამოკვლეული. ვთანხმდებით, რომ 20 აპრილს ჩვენ მიერ დაანონსებული შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში, პირველ რიგში, აღირიცხება სწორედ ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდი. ექსპონატები, რომლებიც დანაკლისში აღმოჩნდა, ესენია – ჩეხეთში 2010 წელს გატანილი ირაკლი სუთიძის ნამუშევარი „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას – „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის – „ადრეული გაზაფხული“, მხატვარ გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“. 2010 წელს სამინისტრომ ისინი გაამგზავრა ჩეხეთში. ვფიქრობთ, დავაბრუნოთ, პროცესი დაწყებულია, ვართ იმედიანად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედითი ხელშეწყობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. როგორც კი ისინი საქართველოში შემობრძანდებიან, ადგილს დაიდებენ შესაბამის ფონდებში.

ამასთან, რაც შეეხება ბატონ გვარამიას, ქართული კულტურის უდიდეს გულშემატკივარს, რომლის დროსაც ეს ნახატები გამოტანილი იქნა მუზეუმიდან და შემოტანილი იქნა სამინისტროში, შემდეგ ოთხი მათგანი ისე გავიდა ჩეხეთში; ნიკა გვარამიას ამის შესახებ „ფეისბუქზე“ არაფერი დაუწერია და დღეს არის აღშფოთებული. მის მიერ გელათზე გამოქვეყნებული დამცინავი პოსტის გამო, წებოვან ლენტებზე, ფერწერის სპეციალისტები და ხელოვნებათმცოდნეები თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად. ეს არ არის წებოვანი ლენტები, სპეციალური მასალაა. მესმის, რომ ნიკა გვარამია არაკვალიფიციურია ჩემსავით, მაგრამ როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს. ის არავის არაფერს ეკითხება და მოეჩვენა, რომ ეს არის „სკოჩი“. ეს არის სპეციალური მასალა.  ფრესკა სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, დაბრუნებული ექსპონატები დღეს სამინისტროს შენობაში გამოიფინა და საჯაროდ დაუბრუნდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას, რაზეც თეა წულუკიანსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რწმუნებულს ნიკა ახალბედაშვილს შორის გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების ოქმი.