საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბაჰარ სეიდოვას შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბაჰარ სეიდოვას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველო-თურქმენეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთის კულტურის სამინისტროებს და ორი ქვეყნის კულტურულ ინსტიტუციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებზე ხელის მოწერის საკითხებს.
ხაზი გაესვა, რომ დოკუმენტები ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მუზეუმების, ლიტერატურის, მუსიკის, თეატრის, კინოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებებით, ასევე პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოსა და თურქმენეთს შორის კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
აღინიშნა, რომ საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის კულტურის დღეები გაიმართება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ვუმასპინძლე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს და განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება კულტურის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ, ჩვენს ახალგაზრდებს შორის არსებობს კარგი ურთიერთთანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ამ რეგიონში ჩვენს ახალგაზრდებს შორის სამომავლოდ კიდევ არაერთი კარგი პროექტი დაიგეგმოს“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი ნადირაშვილი, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თანამდებობის პირი მაკსატ ჰოჯამაევი, თურქმენეთის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გულნარ ამანოვა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ათამურატ ბალიბაევი ესწრებოდნენ.