საქართველოს კოტეჯი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე [ვიდეო]

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯია გახსნილი.

ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება, მათ შორის, სხვადასხვა დასახელების ღვინო, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.

სტრასბურგი ევროპაში საშობაო დედაქალაქად არის აღიარებული, სადაც საშობაო ბაზრობის გამართვის ტრადიცია 1570 წლიდან იღებს სათავეს და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხვალიდან ხდება. ხვალ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში გაიმართება. საქართველოს თავმჯდომარეობა საფრანგეთიდან გადაეცემა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.