საქართველოს კონსულმა ლიპეცკის ოლქთან ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა
საქართველოს კონსულმა ლიპეცკის ოლქთან ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექციის კონსულმა ადგილზე მოინახულა 26 დეკემბერს ლიპეცკის ოლქთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე. აქედან სამი უკვე გაეწერა სამედიცინო ცენტრიდან. დარჩენილი ორი მოქალაქის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქედან, მცირეწლოვან ბავშვს სავარაუდოდ ორშაბათს გამოწერენ სამედიცინო ცენტრიდან.

რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარკინოს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რვა მგზავრი, ამათგან საქართველოს ხუთი მოქალაქე. თბილისის მიმართულებით გამომგზავრების მსურველი დაშავებული მგზავრებისთვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ასევე საქართველოს ორი მოქალაქე. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მათი გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

„რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია სამგზავრო ავტობუსის მძღოლი.