საქართველოს კონსული ბარსელონაში მდებარე სკოლის შენობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა
საქართველოს კონსული ბარსელონაში მდებარე სკოლის შენობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა

საქართველოს კონსულმა ქალაქ ბარსელონაში, ქეთევან გოგოლაშვილმა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, სადაც 4 აპრილს ესპანელი სამართალმდამცავების მიერ კრიმინალური დაჯგუფებების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, დროებით განთავსებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული ადგილზე გაეცნო ვითარებას და საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთის სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ.

კონსულმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ განუმარტა ინფორმაცია უვიზო მიმოსვლით სარგებლობისა და მისი დარღვევის შედეგების შესახებ. ქეთევან გოგოლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას საქართველო ოფიციალურად ჰყავს აღიარებული უსაფრთხო ქვეყნად, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას.

ადგილზე მისული საქართველოს კონსული შეხვდა საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს, ვინც გამოთქვა შეხვედრის სურვილი. საქართველოს კონსულის თხოვნის მიუხედავად, სამწუხაროდ, მათმა ნაწილმა თავი აარიდა შეხვედრას.