საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის ექვსი თვის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის ექვსი თვის საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში, დარღვევის ორ შესაძლო ფაქტზე სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ერთ საქმეზე კი მოკვლევა უკვე დასრულებულია.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საქმე ეხება სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ დაწყებულ დავას, სადაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა. ამის მიუხედავად, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაციები გაიცა.

მოკვლევა დაწყებულია ადმინისტრაციული უწყების მხრიდან შესაძლო დარღვევისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამას გარდა, კვლავ მიმდინარეობს სათარჯიმნო სექტორში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით დაწყებული მოკვლევა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ექვსი თვის ანგარიში საქართველოში სხვადასხვა კომპანიების შერწყმა/გაერთიანებასაც ეხება. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში 9 123 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სააგენტომ ფარმაცევტული, საწვავის და შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრების მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2022 წლის 29 მარტს, საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც პირველ ივნისს შევიდა ძალაში. განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას სააგენტო 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს. კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. ანგარიშში საუბარია დაძმობილების, ე.წ. Twinning-ის 2-წლიან პროექტზეც, რომელიც სააგენტომ პირველი ივნისიდან დაიწყო. პროექტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე და მომხმარებელთა უფლებებზეა ფოკუსირებული. კონკურენციის სააგენტოს კონსულტაციებს ავსტრიის და ლიეტუვის კონკურენციის უწყებები გაუწევენ. საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს სასარგებლოდ, სხვადასხვა ინსტანციაში სამი სასამართლო დავა დასრულდა. მიმდინარე წელს ორ კომპანიას ჯამში 60 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

2022 წლის 6 თვის ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ ღონისძიებებში. კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში – აშშ-ის ადვოკატთა ასოციაციის (ABA), ბერლინში – კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) და ბუდაპეშტში -OECD-GVH-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ევროკავშირის სახელით, პროექტში „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ აქტიური თანამონაწილეობისთვის, სააგენტოს სპეციალური ჯილდო გადაეცა. ამავე პერიოდში, უწყების რებრენდინგიც განხორციელდა.