საქართველოს კლინიკებში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართება
საქართველოს კლინიკებში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართება

საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ კლინიკაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართება.

აქცია 12:00 საათზე დაიწყება. ექიმები ხუთი წუთით გამოვლენ ყველა კლინიკის წინ, საიდანაც პირდაპირი ჩართვები და ფეისბუქლაივები გაიმართება.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე არხით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება.