საქართველოს ხვალ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი  ეწვევა
საქართველოს ხვალ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი  ეწვევა

საქართველოს 19-21 მაისს, სამუშაო ვიზიტით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი ეწვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 მაისს სსფ-ის მმართველ დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძისა და კრისტინ ლაგარდის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სსფ-ის მმართველი დირექტორის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან.

როგორც პრემირ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, კრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

2017 წელს სსფ-ს მხარდაჭერით საქართველოში სამწლიანი პროგრამა დაიწყო, რომელიც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, 285 მილიონი აშშ დოლარით ფინანსდება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები. „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. საქართველომ პროგრამის სამი მიმოხილვა დაასრულა და განხორციელებას განაგრძობს.

კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი ქალი ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს.