საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე მატჩი ლიეტუვასთან გამართა #1TVSPORT
ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ საკონტროლო მატჩი გამართა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 77:54.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი აქამდე ჩატარებულ სამ შეხვედრაში თითო ლიდერს ასვენებდა. პირველი შეხვედრა გამოტოვა ნატურალიზებულმა კამარ ბოლდუინმა, მეორეში გოგა ბითაძემ დაისვენა, ხოლო კაუნასში კაპიტან თორნიკე შენგელიას არ უთამაშია.
ამერიკიდან დაბრუნდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც წლეულს პირველი მატჩი გამართა და 15 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 4-დან 2 სამქულიანია. 9 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, ხოლო გიორგი შერმადინმა შეხვედრა 6 ქულით და 5 მოხსნით დაასრულა.

მეორე პერიოდში იონას ვალანჩუნასის კარგი თამაშის წყალობით ლიეტუვა 18 ქულით დაწინაურდა, თუმცა მესამე რაუნდში თამაში საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კამარ ბოლდუინმა და მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. თუმცა მეოთხე რაუნდში მასპინძლების შეჩერება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა და საბოლოოდ დიდი სხვაობაც დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 აგვისტოს პოლონეთთან გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.