საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა – თორნიკე შენგელიამ 37 ქულა მოაგროვა და საქართველოს ნაკრების რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

21:46, 05.07.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულა. შეხვედრა ქომაგებით სავსე ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე გაიმართა, ძალიან, ძალიან დაძაბული გამოდგა, და ქართველების  გამარჯვებით დასრულდა – 91:89.

ესპანეთის მაღალი კლასის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, ამას დავუმატოთ მაქსიმალური მობილიზება. მათ ხომ კარგად მოეხსენებოდათ, რომ ჯგუფიდან ქულების მაქსიმუმით გასვლა მსოფლიო ჩემპიონატთან ძალიან მიაახლოვებდა. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს ქულები გადაჰყვებათ.

ცხადია, კიდევ უფრო ფასეული იყო ამ მატჩის მოგება საქართველოსთვის – თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით (კაპიტანმა ფაქტობრივად, შეუცვლელად, 44:31 წუთი ითამაშა) გუნდმა მართლაც ბოლომდე იბრძოლა. პირველ მეოთხედში 14:32 ჩამორჩა, მეორე პერიოდში ესპანელები 22 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2:27 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა 76:79. მარკიზ რიდმა კი წუთით ადრე სამიანით ანგარიში გაათანაბრა – 81:81. 23 წამით ადრე კი შეუჩერებელმა თორნიკე შენგელიამ საქართველო პირველად დააწინაურა – 83:81. ბოლო წამებზე ჰაიმე პრადილამ ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

ოვერტაიმში ესპანეთი ხუთი ქულით დაწინაურდა, თუმცა კვლავ შენგელია და 89:88 (დასრულებამდე 1:33 წუთით ადრე). ამ ჩაგდებით შენგელია 37 ქულამდე ავიდა, რაც ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების რეკორდია. მანამდე 36-36 ქულა ზაზა ფაჩულიასა და მაიკლ დიქსონს ჰქონდათ ჩაგდებული. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მარკიზ რიდმა, რომლს ანგარიშზეც 32 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა, მან პარკეტზე თითქმის 42 წუთი გაატარა.

ოვერტაიმის დასრულებამდე 19 წამი რჩებოდა, მარკის რიდმა საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა – 91:89.

ასე და ამგვარად, „ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე 3 მოგებითა და 3 წაგებით გადავიდნენ. 4 მოგება და 2 წაგება აქვს უკრაინას, ხოლო ესპანეთს ხუთი მოგება და ერთი წაგება. დანია 0 მოგებით მომდევნო ეტაპზე ვეღარ ითამაშებს.

ჩვენი ჯგუფის ტოპ-ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს დაუპირისპირდება, სადაც გამსვლელები ჯერ არ გამოვლენილან. მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები აგვისტოში, ნოემბერსა და თებერვალში გაიმართება.

 

მსგავსი