საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პორტუგალიას სტუმრად დაუპირისპირდება – პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე პორტუგალია იქნება. მატჩი თბილისის დროით 21:50 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ორივე გუნდს მოგება-წაგებათა თანაბარი რაოდენობა აქვს (4/3), ორივემ გაიმარჯვა ბოლო ტურში: საქართველომ მონტენეგრო 101:74 დაამარცხა, ხოლო პორტუგალიამ სტუმრად ესპანეთს სძლია – 95:89. შესაბამისად, პორტუს მიმდებარედ, მატოშინოშში გასამართი მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
სპეციალისტების პროგნოზით საქართველოს გამარჯვების ცოტა მეტი შანსი აქვს, თუმცა ეს ისეთი პროგნოზია, სადაც ერთმა სამქულიანმა, ერთმა მოხსნამ, შეიძლება მატჩის ბედი შეცვალოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანაბარი ძალის გუნდების შეხვედრა იქნება და ბრძოლაც საინტერესო უნდა გამოვიდეს.
პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს უთხრეს – პორტუგალიელებმა განაცხადეს, ქართველებს უნდა მოვუგოთო.
ალექსანდრ ჯიკიჩმა მარტივი პასუხი გასცა – თამაში გვიჩვენებსო. მან იქვე დაამატა:
„პორტუგალია სუპერაგრესიული გუნდია და მოგება რთული იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ NBA-ს მაღალი კალათბურთელი ჰყავთ. თუმცა ჩვენ პორტუში მოსაგებად მივდივართ.“
პორტუგალიის ნაკრებს ჰყავს ნეემიას კუეტა „ბოსტონ სელტიქსიდან“. მან ესპანეთთან 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, თუმცა პორტუგალიელებმა მის გარეშე ჩატარებულ მატჩებშიც აჩვენეს, რომ შეკრული და კარგად გაწვრთნილი გუნდი ჰყავთ.
მათი მწვრთნელი, მარიო გომეში საქართველოსთან მატჩს დიდი სიფრთხილით ეკიდება:
„ესპანეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია, ჩვენზე კარგი ჩემპიონატიც აქვს, თუმცა კონკრეტულ მომენტში ჩვენ უკეთესები ვიყავით. ესპანეთი საქართველომაც დაამარცხა, მასაც ჰყავს NBA-ის კალათბურთელები. უშუალოდ მატჩისას უნდა დავამტკიცოთ, რომ მათზე ძლიერები ვართ“.
პორტუგალია:
0. დიოგო ბრიტო
3. რიკარდო მონტეირო
5. ტრავანტე უილიამსი
6. ფრანსისკო ამარანტე
9. დიოგო ვენტურა
11. მიგელ კეირუში
12. ანდრე კრუზი
14. დანიელ რილვაო
17. ანტონი და სილვა
28. რაფაელ ლისბოა
34. რუბენ პრეი
88. ნეემიას კუეტა.
მთავარი მწვრთნელი: მარიო გომესი
ურთიერთშეხვედრები
პორტუგალიის ნაკრებს „ჯვაროსნები“ ექვსჯერ შეხვედრიან. ხუთი მოგება ჩვენი გუნდის მხარესაა, ერთადერთი წაგება პირველ მატჩზე მოდის, რომელიც 90-იან წლებში გაიმართა.
ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2014 წელს შედგა. პორტუგალიელებმა საშინაო შეხვედრა მაღალ დონეზე დაიწყეს და 23 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება შეძლო და ოვერტაიმში 91:90 გაიმარჯვა. ზაზა ფაჩულიამ 25 ქულა ჩააგდო, თორნიკე შენგელიამ – 20.
სატურნირო მდგომარეობა
| თ | მ | წ | სხ | ქ | |
| 1. ესპანეთი | 7 | 5 | 2 | +93 | 12 |
| 2. უკრაინა | 7 | 5 | 2 | +51 | 12 |
| 3. პორტუგალია | 7 | 4 | 3 | +42 | 11 |
| 4. საქართველო | 7 | 4 | 3 | +15 | 11 |
| 5. მონტენეგრო | 7 | 4 | 3 | -50 | 11 |
| 6. საბერძნეთი | 7 | 3 | 4 | +19 | 10 |
I ჯგუფი
31 აგვისტო, 2026
საბერძნეთი-ესპანეთი
პორტუგალია-საქართველო
მონტენეგრო-უკრაინა
26 ნოემბერი, 2026
მონტენეგრო-ესპანეთი
პორტუგალია-უკრაინა
საბერძნეთი-საქართველო
29 ნოემბერი, 2026
ესპანეთი-საბერძნეთი
უკრაინა-მონტენეგრო
საქართველო-პორტუგალია
26 თებერვალი, 2027
პორტუგალია-ესპანეთი
საბერძნეთი-უკრაინა
მონტენეგრო-საქართველო
1 მარტი, 2027
ესპანეთი-მონტენეგრო
უკრაინა-პორტუგალია
საქართველო-საბერძნეთი