საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას მონტენეგროსთან გამართავს – რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპს იწყებს. მისი მეტოქე მონტენეგროა. მატჩი ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე 19:30 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პიველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
შეხვედრის მნიშვნელობაზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიც საუბრობენ და ჩვენც დავამატებთ: პირველი ეტაპის შემდეგ A და B ჯგუფების სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა ექვსგუნდიანი ჯგუფი შექმნა. ქულები ყველას გადაჰყვა, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილზე ესპანეთია, მეორე-მესამეებს მონტენეგრო და უკრაინა ინაწილებენ, საქართველოს, პორტუგალიასა და საბერძნეთს 3-3 მოგება აქვთ და ცხრილის მეორე ნახევარში არიან.
მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ექვსი ნაკრებიდან მხოლოდ სამი გადის, შესაბამისად, დარჩენილ ექვს შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ესპანეთს, ალბათ, ვერავინ გაასწრებს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდება.
| თ | მ | წ | სხ | ქ | |
| 1. ესპანეთი | 6 | 5 | 1 | +99 | 11 |
| 2. უკრაინა | 6 | 4 | 2 | +45 | 10 |
| 3. მონტენეგრო | 6 | 4 | 2 | -23 | 10 |
| 4. პორტუგალია | 6 | 3 | 3 | +36 | 9 |
| 5. საბერძნეთი | 6 | 3 | 3 | +25 | 9 |
| 6. საქართველო | 6 | 3 | 3 | -12 | 9 |
საქართველო
საქართველოს ნაკრებს ივლისის მატჩებში ვერ დაეხმარა ლეიკერსელი სანდრო მამუკელაშვილი. იგი ახლა გუნდთან ერთადაა და მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩიც კმაყოფილია:
„პირველი, რაც მნიშვნელოვანია – ჯანმრთელად ვართ; მეორე – ნაყოფიერად ვშრომობთ; მესამე – გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა.
ბოლო ვარჯიშებზე ვიყავით მობილიზებულები, აგრესიულები, რაც მონტენეგროსთან მატჩის წინ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.
ჩვენს მეტოქეს ზოგი სათანადოდ ვერ აფასებს, მაგრამ მონტენეგრო ძალიან კარგი გუნდია. ჰყავს NBA-ს ყოფილი და ევროლიგის კალათბურთელები. მონტენეგროში ასევე თამაშობენ ადრიატიკის ლიგისა და ევროთასის წარმომადგენლები. დამიჯერეთ, ორივე ძალიან კარგი ლიგაა“.
არის ერთი დანაკლისი, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ბექა ბურჯანაძე.
ნაკრების მწვრთნელმა მონტენეგროსთან მატჩისთვის შემდეგი თორმეტეული შეარჩია:

ურთიერთშეხვედრები
მონტენეგრო ახალგაზრდა ქვეყანაა, დამოუკიდებლობა 2006 წელს მოიპოვა – სერბეთს გამოეყო. ისევე როგორც ექსიუგოსლავიურ სხვა ქვეყნებში, მონტენეგროშიც მაღალ დონეზეა კალათბურთი. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ხუთ ევრობასკეტსა და ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
ასეთი რანგის ტურნირებზე საქართველოს ერთხელ შეხვდა: 2022 წლის ევრობასკეტზე ჯგუფიდან გამსვლელ მატჩში ჩვენი ნაკრები 81:73 დაამარცხა.
ეს გუნდები ოფიციალურად კიდევ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე ჯერ თბილისში ითამაშეს, შემდეგ ბალკანეთში. აქაური მატჩი მონტენეგროელთა გამარჯვებით დასრულდა – 76:74. განმეორებითი შეხვედრა კი საქართველოს ნაკრების ტოპ 10 საუკეთესო მატჩშია – ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ბარში მასპინძლები 90:84 დაამარცხა და ევრობასკეტზე ჯგუფის პირველადგილოსნის სტატუსით გავიდა.
ეს გუნდები ბოლოს თბილისში ამხანაგურად შეხვდნენ ერთმანეთს. ორივე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და თბილისურ შეხვედრაში საქართველომ 84:79 გაიმარჯვა.
I ჯგუფი
28 აგვისტო, 2026
საქართველო-მონტენეგრო
უკრაინა-საბერძნეთი
ესპანეთი-პორტუგალია
31 აგვისტო, 2026
საბერძნეთი-ესპანეთი
პორტუგალია-საქართველო
მონტენეგრო-უკრაინა
26 ნოემბერი, 2026
მონტენეგრო-ესპანეთი
პორტუგალია-უკრაინა
საბერძნეთი-საქართველო
29 ნოემბერი, 2026
ესპანეთი-საბერძნეთი
უკრაინა-მონტენეგრო
საქართველო-პორტუგალია
26 თებერვალი, 2027
პორტუგალია-ესპანეთი
საბერძნეთი-უკრაინა
მონტენეგრო-საქართველო
1 მარტი, 2027
ესპანეთი-მონტენეგრო
უკრაინა-პორტუგალია
საქართველო-საბერძნეთი