საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ესპანეთს უმასპინძლებს – რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

08:58, 05.07.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეექვსე შეხვედრას დღეს, 5 ივლისს 19:30 საათზე ესპანეთთან თბილისში გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

საქართველო

ჩვენი ნაკრები პირველ ჯგუფურ ეტაპს დღეს დაასრულებს. ვინაიდან გუნდებს ქულები მომდევნო ეტაპზეც გადაჰყვებათ, თითოეულ მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ამის მიღწევა იოლი არ იქნება – საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთია, რომელსაც ხუთივე მატჩი მოგებული აქვს.

ცხადია, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩი თბილისის ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის არენაზე იმართება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დარბაზის გახსნის მატჩში სწორედ ესპანელებს ვაჯობეთ, ხოლო 2025 წლის ევრობასკეტზე სწორედ საქართველოსთან წაგების შემდეგ ეს გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ალექსანდრ ჯიკიჩის გამკარგულებაში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობაა – ითამაშებს „ორლანდოს“ ცენტრი გოგა ბითაძე, მარკის რიდი და, რა თქმა უნდა, კაპიტანი თორნიკე შენგელია. აკლია მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც „ლეიკერსში“ გადავიდა და სატრანსფერი საკითხების გამო საქართველოში ვერ ჩამოვიდა.

ესპანეთი

ესპანეთის ნაკრებს, როგორც ფავორიტს შეშვენის, აქამდე გამართული ხუთივე მატჩი მოგებული აქვს. 2 ივლისს დანია დაამარცხა დამაჯერებლად. მთავარმა მწვრთნელმა ჩუს მატეომ საქართველოში ასეთი შემადგენლობა ჩამოიყვანა.

იზან ალმანსა (რეალი), ფრანსის ალონსო (ბრეოგანი), ფერან ბასასი (მანრესა), დარიო ბრიზუელა (ბარსელონა), ალვარო კარდენასი (ვალენსი), ალბერტო დიაზი (უნიკახა), უგო გონსალესი (ბოსტონი), ვილი ერნანგომესი (ბარსელონა), პიერ ორიოლა (მანრესა), ხოელ პარა (ბარსელონა), ორიოლ პაული (ლეიდა), ხაიმე პრადილა (ვალენსია), მარიო სენტ-სუპერი (გონზაგა), სანტი იუსტა (სარაგოსა).

 

პარალელი

ამ დაპირისპირებას საინტერესო ისტორიული ფონი ახლავს, რომელიც გულშემატკივარს უდიდეს იმედს უსახავს. წინა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზუსტად 4 წლის წინ — 2022 წლის 4 ივლისს საქართველომ ესპანეთის უძლიერესი ნაკრები დაამარცხა, რამაც ჩვენს გუნდს მუნდიალისკენ გზა გაუხსნა.

საინტერესოა, რომ მაშინაც, ამ ისტორიულ გამარჯვებამდე საქართველოს ნაკრები ლატვიიდან დაბრუნდა, სადაც უკრაინასთან დიდი სხვაობით ჰქონდა მატჩი წაგებული. ამ ეტაპზე მოვლენები ზუსტად იმავე სცენარით ვითარდება — ყველაფერი საოცრად ემთხვევა წარსულს და სრულ, ეგრეთ წოდებულ „დეჟავუს“ მხოლოდ ერთი რამ აკლია: ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთხელ დამარცხება.

 

სატურნირო ვითარება A ჯგუფში და ფორმატი

მსოფლიო ფორუმზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც ექვსგუნდიანი ოთხი ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება.

ამჟამად მიმდინარე A ჯგუფში სიტუაცია ასეთია: 5-დან 5 მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია. მათ 3 გამარჯვებით უკრაინა , ხოლო 2-ით საქართველო მიჰყვებიან, ხოლო აუტსაიდერის პოზიციას დანია იკავებს, რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს. ესპანეთს, უკრაინასა და საქართველოს მეორე ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.

ჩვენი ჯგუფის გუნდები B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) საუკეთესო ტრიოს შეხვდება.

მსგავსი