საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები აკროპოლისის თასზე საბერძნეთს ეთამაშება #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები აკროპოლისის თასზე საბერძნეთს ეთამაშება #1TVSPORT

17-19 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართება პრესტიჟული ოთხთა ტურნირი აკროპოლისის თასი. გადაწყვეტილია, რომ მასში მასპინძელი საბერძნეთის გარდა საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

დანარჩენი ორი გუნდის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. დაიწერა, თითქოს, ერთ-ერთი სლოვენია უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც გაირკვა, დონჩიჩი და კომპანია ათენში არ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასზე 2017 წელსაც იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა – ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ სერბეთი დაამარცხა, შემდეგ საბერძნეთი და შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა პირველობა.

აკროპოლისის თასი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისა და ევრობასკეტის წინ გენერალური რეპეტიცია იქნება. მუნდიალის შესარჩევის მეორე ეტაპზე ჩვენს გუნდს პირველი მატჩი 24 აგვისტოს, მეორე – 26 აგვისტოს ელის. მეტოქეების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.

ევრობასკეტი კი 1 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები იქნებიან ბელგია, ესპანეთი, ბულგარეთი, თურქეთი და… რომელი გუნდი ითამაშებს რუსეთის ნაცვლად, მაისის ბოლოს გავიგებთ.