საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - „ცენტრალურმა ონლაინ კლინიკამ“ ამოქმედებიდან 33 000-ზე მეტი შემთხვევა მართა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - „ცენტრალურმა ონლაინ კლინიკამ“ ამოქმედებიდან 33 000-ზე მეტი შემთხვევა მართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ დისტანციურად, პაციენტებისა და ასევე, მათთან კონტაქტში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

უწყების ცნობით, „ცენტრალური ონლაინ კლინიკის“ ამოქმედების დღიდან 33 000-ზე მეტი შემთხვევა იმართა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ონლაინ კლინიკა დაკომპლექტებულია ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებითა და ოპერატორებით, რომელთაც სპეციალური გადამზადება გაიარეს.

ამასთან, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ რეგიონული პრინციპით, ვერტიკალური მართვის ქვეშ ორი მიმართულებით მუშაობს – გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას ახორციელებენ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგს – მონიტორ/ოპერატორები.

„ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას 112-ის ცენტრიდან იღებს, სადაც იქმნება პაციენტის საქმე. შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმეების განაწილება ონლაინ კლინიკებში და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს „ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში“ ხორციელდება, სადაც გადამზადებული ოჯახის ექიმები დიფერენციულ დიაგნოსტიკას ახდენენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ კლინიკის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს: 112-ის ცენტრიდან გადამისამართებული სატელეფონო ზარების მიღება; შესაბამისი პაციენტების კონსულტირება (24/7) და ზედამხედველობა დისტანციურ რეჟიმში შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად; ასევე, ამბულატორიულად PCR ტესტირების განხორციელება; COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე სატელეფონო ზარის განხორციელება; ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება; მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ;

ამასთან, ბინაზე დატოვების შემთხვევაში, ონლაინ კლინიკის ექიმებს გაუჩნდათ პაციენტების ყოველდღიური სატელეფონო მონიტორინგის ფუნქცია.