საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენაზე ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია წარადგინეს [ფოტო]
საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენაზე ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია წარადგინეს [ფოტო]

საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია. ინფორმაციას სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11-15 ივნისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2018“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თავდაცვითი მრეწველობის 1800-ზე მეტმა კომპანიამ მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. გამოფენას 227 ოფიციალური დელეგაცია, ჯამში 58 000-მდე ვიზიტორი დაესწრო.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, მათ შორის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული ბლოკით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი „რდ-7“, ჯავშანჟილეტები „MK-1“ და „MK-2“, ჯავშანჩაფხუტები, 12,7 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული უნიფიცირებული დისტანციური მართვის მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.

„ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლისა და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია. „დელტას“ გენერალურ დირექტორ უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide“, – აცხადებენ „დელტაში“.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა GNM-60, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა „დიდგორმა“ და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკმა“.