საქართველოს ინიციატივით ევროპის საბჭოს საქმიანობა განახლდა და მინისტრთა კომიტეტმა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო
საქართველოს ინიციატივით ევროპის საბჭოს საქმიანობა განახლდა და მინისტრთა კომიტეტმა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა, საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით, დღეს გამართა პირველი შეხვედრა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით კომიტეტის დეკლარაცია მიიღეს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს დაარსებიდან დღემდე, COVID-19-ის პანდემია ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე კრიზისს და უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად, ადამიანების, მათ შორის, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების ჯანმრთელობის დაცვისთვის, ყველა დონეზე, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ხელისუფალთა მხრიდან.

მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაავადებასთან ბრძოლა უნდა წარიმართოს ორგანიზაციის პრინციპებისა და წევრი ქვეყნების ვალდებულებების შესაბამისად და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რაც გამოხატულია ორგანიზაციის წესდებასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ სოლიდარობა და თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის გადამწყვეტია პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის. ასევე დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო, განვითარების ბანკის ჩათვლით, კრიზისის პერიოდში და მის შემდეგაც, წევრი ქვეყნების მხარდაჭერას განაგრძობს.