საქართველოს ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაცია ეწვევა
საქართველოს ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაცია ეწვევა

18-20 მარტს საქართველო უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას უმასპინძლებს ჰონგ კონგიდან, რომელსაც ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანია, დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და ა.შ.

დელეგაციის წევრებს შორის არიან მაღალი დონის წარმომადგენლები: ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ; ჰონგ კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რაიმონდ იიპი.

„ვიზიტის ფარგლებში 18 მარტს დაგეგმილია პანელი „ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში“ (Investment Opportunities in Georgia), რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ღონისძიების პანელისტებს შორის არის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რომელიც გამართავს პრეზენტაციას და აუდიტორიას საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალს, ასევე, სააგენტოს საქმიანობას გააცნობს“, – აცხადებენ სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“.