საქართველოს გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს

პროკურორ მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ​იულია სუსლიაკის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა, სუსლიაკს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მიეცა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია უკრაინის მიმართულებით, სადაც იმყოფებიან მისი შვილები, თუმცა როგორც გოგორელიანმა აღნიშნა, სუსლიაკმა საქართველოს ტერიტორია დატოვა არა უკრაინის, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით.

„იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმე ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, გადაგზავნილ იქნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. მას შემდეგ რაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინული მხარისთვის საქმის გადაგზავნის თაობაზე, უკვე აღარ არსებობდა იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სუსლიაკის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, რის შესახებაც მიმართული იქნა სასამართლოსთვის და იულია სუსლიაკი გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია უკრაინის მიმართულებით, სადაც იმყოფებიან მისი შვილები, თუმცა ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, მან საქართველოს ტერიტორია დატოვა არა უკრაინის, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ქართულმა მხარემ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს არაერთხელ მიმართა უკრაინაში არსებული მტკიცებულებების ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ, რაც ხელს შეუწყობდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, თუმცა ამ ეტაპისთვის ქართულ მხარეს უკრაინიდან არანაირი მტკიცებულება არ მიუღია.

საგულისხმოა, რომ გამოძიების დაწყების ეტაპიდან ქართული მხარე მოქმედებდა არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის გამოც, მას შემდეგ რაც უკრაინულმა მხარემ მოგვმართა არასრულწლოვნების უკრაინული მხარისთვის გადაცემის თაობაზე, საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა შეხვედრა გენერალური პროკურორის მოადგილის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, უკრაინული მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენლის და საელჩოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რა დროსაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შესაბამისი გარანტიების მიღების შემდეგ არასრულწლოვნების უკრაინული მხარისთვის გადაცემის თაობაზე.

საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვების ყოფნის დროს, უკრაინული მხარე საელჩოს წარმომადგენლის მეშვეობით, მონიტორინგს უწევდა ბავშვების მდგომარეობას როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკურ მდგომარეობას და არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა უკრაინულ მხარეს“,- აღნიშნა პროკურორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. კერძოდ, როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, უარის მიზეზი არასაკმარისი ფინანსური სახსრები, სამოგზაურო დაზღვევის არქონა გახდა. ამასთან, პირი არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. შსს-ს ცნობით, სუსლიაკი აზერბაიჯანში გააბრუნეს.

დატოვე კომენტარი