საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2025 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აცნობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მდებარე კუსტარულად მოწყობილი ავტომობილებისთვის განკუთვნილი გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპანიის თანამშრომლებმა მიღებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება.
„მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ვაყის მონაკვეთზე მობილიზებული იქნა პირადი შემადგენლობა და სპეცტექნიკა, რომლებმაც შპს „საურის“ ტერიტორიიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთი უკანონო ობიექტი აღმოაჩინეს. კერძოდ, გაზის შემკრები ცისტერნები, წნევის მარეგულირებლები და მაღალი წნევის მილები, რომლებიც უკანონო მიერთების გზით შპს „საურის“ კუთვნილ მილსადენს უკავშირდებოდა.
ასევე, მიმდინარე ძებნა-კვლევითი სამუშაოების პროცესში აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი უკანონო დაერთება საგურამო-ვაყა-ს მონაკვეთზე 700 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც დასავლეთ საქართველოს ამარაგებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია თავის მფლობელობაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის ინფრასტრუქტურის ინსპექტირებასა და საექსპლუატაციო პროცესის მონიტორინგს განაგრძობს, რათა დროულად გამოვლინდეს უკანონო დაერთებებისა და სხვა გადაცდომების შემთხვევები. კომპანია თანამშრომლობს სამართალდამცველ ორგანოებთან, რათა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყოველი კანონდარღვევა სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.