საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ - საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ - საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გრძელდება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო 90 სტუდენტს მიიღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

პროგრამების განხორციელების პროექტის ღირებულება ხუთ მილიონ დოლარს შეადგენს და ის სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

აღნიშნული პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით განხორციელდება.

თანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ადელა დე ლა ტორემ მოაწერეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ადელა დე ლა ტორეს და სან დიეგოს უნივერსიტეტის აკადემიურ დელეგაციას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. მისი თქმით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საქმეში.

მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ – საქართველოს ორგანიზებით, 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე გიორგი ამილახვარმა და ადელა დე ლა ტორემ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომები გადასცეს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ სწავლის დასრულებას. თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი და სიახლეებით სავსე ახალი ეტაპი იწყება. მსურს, წარმატებები და წინსვლა გისურვოთ ახალ გზაზე. მჯერა, ამ შესაძლებლობებს სასიკეთოდ გამოიყენებთ და თქვენი ცოდნით მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარებაში.

იყავით მიზანდასახული და ნუ შეგეშინდებათ დაბრკოლებების, რომელიც ცხოვრების ახალ გზაზე შეიძლება შეგხვდეთ. არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს, რადგან სწორედ გამოწვევებთან გამკლავება არის წარმატების საწინდარი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

2023 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები 100-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა, რომლებიც, ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში ინიცირებული პროექტების განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის პარტნიორობას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დახმარებას უწევს საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებს აშშ-ის აკრედიტაციის მოპოვებაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისათვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს არაერთ გაცვლით პროგრამას ამერიკელი და ქართველი სტუდენტებისათვის, ამასთან, ქართველ აკადემიურ პერსონალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების შესაძლებლობაც აქვს.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.