საქართველოს განათლების სამინისტროსა და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
განათლების სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ეროლ ოზვარმა.
„მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, აგრეთვე აკადემიური ხარისხებისა და დიპლომების აღიარების საკითხებზე თანამშრომლობას.
შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორი ნაჯი გუნდოღანი. ჯგუფი იმუშავებს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების საკითხებზე.
გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის ახალი საუნივერსიტეტო პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაზე.
თავის მხრივ, ეროლ ოზვარმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობების გაფართოებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიური მიმართულებებისა და აკადემიური პროგრამების განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას და აკადემიური კავშირების გაძლიერებას“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.