საქართველოს განათლების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს
საქართველოს განათლების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს

ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, ჯუზეპე ვერსალდმა მოაწერეს.

„მემორანდუმი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, კერძოდ, ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის საქმეში. მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში, რაც მხარეებს აკადემიური ცოდნის, ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც ქართველი მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. კვლევის შედეგები კი საჯარო გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, მემორანდუმი ასევე შეუწყობს ხელს აკადემიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური საქმიანობის საშუალებით.