საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ურბანული მშენებლობის მენეჯმენტის კოლეჯს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ურბანული მშენებლობის მენეჯმენტის კოლეჯს ესტუმრა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბაია კვიციანს კოლეჯის ვიცე-პრეზიდენტმა ლინგ მინმა და დირექტორის მოადგილე იანგ ლიმ სასწავლებლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
„მინისტრის მოადგილე ასევე დაესწრო პროფესიული პედაგოგებისა და სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
ურბანული მშენებლობის მენეჯმენტის კოლეჯს ყოველწლიურად 4 000 კურსდამთავრებული ჰყავს. სასწავლებელი ახორციელებს 16 საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამას 3 მიმართულებით – ურბანული მშენებლობა, ლანდშაფტური არქიტექტურა და უძრავი ქონების მართვა. ბაია კვიციანთან ერთად კოლეჯში იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები და საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.