განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა

ერევანში, 17-18 ოქტომბერს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება, სადაც საქართველო, როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ENQA-ს პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. პროცედურის მიხედვით, ცენტრი ასოციაციის წევრად ოფიციალურად სწორედ აღნიშნულ ასამბლეაზე გამოაცხადეს.

„დღეს ევროკავშირის უმაღლესი განათლების სივრცეში საქართველოს გაწევრიანებას გენერალურ ასამბლეაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი და საქართველოს უმაღლესი განათლების ENQA-ში გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა. წელს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში გაწევრიანება იყო და იმედი მაქვს, ჩვენი მეცნიერები, სტუდენტები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობებით“, – განაცხადა სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა მიხეილ ბატიაშვილმა.

სომხეთში გამართულ ENQA-ს გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს ორგანიზაციის სტრატეგია, ბიუჯეტი და სამომავლო გეგმები. ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ბაღიშვილმა.

ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში; საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას; ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრშიც დარეგისტრირდა.

EQAR-ი ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.