„საქართველოს ფოსტა“ თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორების ბრალდებებს პასუხობს 
„საქართველოს ფოსტა“ თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორების ბრალდებებს პასუხობს 

„საქართველოს ფოსტამ“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების ბრალდებებს უპასუხა. მას შემდეგ, რაც კინოფესტივალის ორგანიზატორებმა „საქართველოს ფოსტა“ უყურადღებობაში დაადანაშაულეს და ამის შესახებ განცხადება გაავრცელეს, პირველი არხი ფოსტის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. „საქართველოს ფოსტის“ ადმინისტრაციამ ბრალდებებს წერილობითი განცხადებით უპასუხა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლების ბრალდება გზავნილების „საქართველოს ფოსტის“ მიერ დაკარგვის თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს აღვნიშნოთ, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლის მიერ “საქართველოს ფოსტის” მეშვეობით 2017 წლის დეკემბრის თვეში სულ გაიგზავნა 30 გზავნილი. გამგზავნმა “საქართველოს ფოსტას” მხოლოდ ხუთ გზავნილთან დაკავშირებით მომართა პრეტენზიით, რის საფუძველზეც „საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო საერთაშორისო საფოსტო ნორმებით დადგენილი მოკვლევის პროცედურა.

აღსანიშნავია, რომ მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ ხუთი გზავნილიდან ორი ჩაბარებულია ადრესატისათვის, ხოლო სამ გზავნილზე განხორციელებულია ვიზიტი ადრესატის მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატის ადგილზე არყოფნის გამო, მათი ჩაბარება ვერ განხორციელდა. აღნიშნული გზავნილები, მათი შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ, დაბრუნებულია უკან, საქართველოში და ჩაბარებულია გამომგზავნისათვის (თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლისათვის). შესაბამისად, არც ერთი გზავნილი არ არის დაკარგული. ამასთან, არც ერთ გზავნილთან მიმართებაში, საფოსტო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – ნათქვამია საქართველოს ფოსტის ადმინისტრაციის საპასუხო განცხადებაში.