საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ხვალ საპარლამენტო დებატები გაიმართება
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ხვალ საპარლამენტო დებატები გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. მისივე თქმით, დებატები სავარაუდოდ ხუთი საათისთვის დაიწყება და ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ამავდროულად, შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე ისაუბრა.

„გვექნება საკმაოდ დატვირთული კვირა. მოთხოვნილი არის საპარლამენტო დებატები. გარდა ამისა, იქნება მინისტრის საათი და ინტერპელაცია. ამიტომ გთავაზობთ შემდეგ განრიგს: ხვალ, 24 მაისს დაიწყება სხდომა პოლიტიკური განცხადებებით. როგორც წესი, 2-3 საათი გრძელდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით ერთი საათი არის გამოყოფილი. ამის შემდეგ დაიწყება კანონპროექტების განხილვა და როგორც მოგახსენებთ, 30 დეპუტატის ხელმოწერით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93 მუხლის თანახმად მოთხოვნილი არის დებატები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე. უნდა გაიმართოს მაისის თვეშივე, მიმდინარე კვირას არის ბოლო სასესიო კვირა მაისში და ხვალვე, კანონპროექტების განხილვის შემდეგ, სავარაუდოდ ხუთი საათისთვის ალბათ შეგვიძლია, დავიწყოთ ეს დებატები. რეგლამენტის მიხედვით, მაქსიმუმ ოთხი საათი გამოდის, თუკი გადავანაწილებთ დროებს ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებზე. მაქსიმალურად ყველა თუ ისარგებლებს გამოყოფილი დროით, ოთხი საათი უწევს პოლიტიკურ დებატებს. ასე რომ, ცხრა საათისთვის მოვრჩებით.

ოთხშაბათს გვიწევს დაჩქარებული კანონპროექტების განხილვა. 12:00 საათზე, სხდომის გახსნისას გვექნება პროექტების განხილვა, კენჭისყრა, შემდეგ შესვენება უნდა გამოვაცხადოთ, ჩატარდეს კომიტეტები, შემდეგ კვლავ გაიხსნება, განვიხილავთ მესამე მოსმენით და ოთხშაბათსვე გვაქვს ინფრასტრუქტურის მინისტრის საათი. ხუთშაბათი დასვენებაა და პარასკევს ინტერპელაცია უწევს. ხვალ 12:00 საათიდან სამ საათამდე იქნება დაახლოებით პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ სამიდან ხუთ საათამდე კანონპროექტების განხილვა და კენჭისყრა. ხუთიდან ცხრა საათამდე დებატები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 27 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ პრემიერ-მინისტრსა და რამდენიმე მინისტრს.

„პარასკევს, 27 მაისს არის ინტერპელაცია და ოთხი ინტერპელაციაა შემოსული. თითო ინტერპელაციაზე გამოდის მაქსიმუმ 2 საათი და 45 წუთი. 12:00 საათზე დავიწყებთ. პირველი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ინტერპელაციით მიმართა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“. საკითხი შეეხება როგორ მომზადდა ევროკავშირის კითხვარი და ასე შემდეგ. ხუთი კითხვა არის. შემდეგ სამ საათზე იქნება პრემიერის ინტერპელაცია. პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის კითხვა შეეხება საერთაშორისო სანქციებს და რა ზომებია გატარებული, რათა არ მოხდეს გვერდის ავლა.

შემდეგ, 17:45 საათიდან დაახლოებით რვისნახევრამდე იქნება ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაცია. აქაც მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ და კითხვა შეეხება, მსოფლიოში ბოლოს განვითარებული მოვლენები რა გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და რა მოლოდინები არის მთავრობაში ამასთან დაკავშირებით. 19:30-დან დაახლოებით ათ საათამდე იქნება იუსტიციის მინისტრი. ეს გახლავთ მარტში დაყენებული ინტერპელაცია და უწევს ახლა, მაისში, ვინაიდან მაშინ ვადები დარღვეული იყო. კითხვა შეეხება, რა ღონისძიება ტარდება პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების უფლებების დაცვის კუთხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

დატოვე კომენტარი