საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარეები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.