საქართველოს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი ესტუმრება
საქართველოს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი ესტუმრება

საქართველოს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი ესტუმრება.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის შეხვედრა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ გიორგი ჩოგოვაძესთან, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძესთან.

ჰენრიკ ჰოლოლეი ხვალ მონაწილეობას მიიღებს ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომის მუშაობაში.

„აღნიშნული ფორმატის დაარსების მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს. თბილისში დაგეგმილ პირველ სხდომაზე მხარეები განიხილავენ ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ევროკავშირის სტრატეგია ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით, რომლის დროსაც საქართველოს მხარე წარადგენს პრეზენტაციას საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობებზე ევროკავშირის სტრატეგიის განხორციელების გზაზე. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდება სატრანსპორტო კავშირების გაციფროვნებაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის, ჰენრიკ ჰოლოლეის საქართველოში ვიზიტი 30 იანვარს დასრულდება.

დატოვე კომენტარი