საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი შვიდი პუნქტი ჯამურად 92 000 ლარით დააჯარიმა

11:48, 03.02.2026

მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი შვიდი პუნქტი დააჯარიმა. ზედამხედველმა ჯამურად აღნიშნულ ობიექტებს 92 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

სებ-ის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გახდა.

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას; პროგრამული (ელექტრონული) სისტემების ხარვეზიანი ფუნქციონირება, რის შედეგადაც ვერ ხდებოდა: საეჭვო, უჩვეულო ან დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა, კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირების) სრულყოფილი გადამოწმება სანქცირებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში; შიდა ინსტრუქციების არარსებობა, რომლებიც აუცილებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის ვალდებულებების შესასრულებლად; ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა, რაც არღვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის წესს; ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებში არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, განმეორებით შემთხვევებში.

დაჯარიმებული სუბიექტების ჩამონათვალი: შპს „რამაზი“ – 6 000 ლარი; შპს „ლიკუნა“ – 16 000 ლარი; ინდივიდუალური მეწარმე „დიმიტრი ქურციკაშვილი“ – 13 000 ლარი; ი.მ „გოჩა ბოლქვაძე” – 13 000 ლარი; ი.მ „ლევან მეხრიშვილი“ – 13 000 ლარი ; ი.მ „ნინო მორბედაძე“ – 15 000 ლარი; ი.მ „გურამ გასვიანი“ – 16 000 ლარი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი