საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ბერლინის კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ იქნება წარმოდგენილი 
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ბერლინის კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ იქნება წარმოდგენილი 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს პავილიონში ქართული ფილმების გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს პროგრამას, „გადაიღე საქართველოში” გააცნობენ. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს

სექციაში Generation გაიმართება იანა უგრეხელიძის ანიმაციური ფილმის, „ომის იავნანა” პრემიერა. იანა უგრეხელიძე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ანიმატორია, რომელმაც ფილმი „ომის იავნანა” ბავშვის თვალით დანახული აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ შექმნა. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს ხანძრით მოცულ მშობლიურ ქალაქს ოთხი ბავშვი.

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში, წელს უკვე მეორედ გაიმართება დამატებითი შეხვედრები ნორვეგიის, ესტონეთის, უნგრეთის, ლიეტუვის, ხორვატიის, პოლონეთის კინოცენტრების წარმომადგენლებთან.

სამუშაო შეხვედრების მიზანია ქართველი და უცხოელი პროდიუსერებისა და რეჟისორების ხელშეწყობა კოპროდუქციული ნამუშევრების შესაქმნელად, რაც ქართულ კინოინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს.

პრეზენტაციებისას წარმოდგენილი იქნება 9 ქართული სრულმეტრაჟიანი პროექტი, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება ან განვითარების გარკვეულ ეტაპზეა.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, 7-დან და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.