საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე მშობლიურ სოფელში გაიხსენეს
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე მშობლიურ სოფელში გაიხსენეს

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

გმირთა მემორიალთან გიორგი ანწუხელიძის ახლობლები, მამიდა და დისშვილები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, სამშობლოს წინაშე გიორგი ანწუხელიძის დამსახურებასა და მის გმირობაზე ისაუბრეს.

„ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს გიორგი ანწუხელიძე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნა ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს 35 წლის გახდებოდა.

IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.