„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისთვის 1000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

გიორგი ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წინასასამართლო სხდომა ჭელიძის საქმეზე 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი, გიორგი ჭელიძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

დატოვე კომენტარი