საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტურმა კოლექციამ „ევროპის მეხსიერების“ ჯილდო მიიღო
არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) ევროპული რეგიონული განყოფილების (EURBICA) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა – ნომინაციაზე მის მიერ წარდგენილმა კოლექციამ „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო მემკვიდრეობა (1918–1921)“ „ევროპის მეხსიერების“ (Memory of Europe) ჯილდო მიიღო და მესამე საპატიო ადგილი დაიკავა.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სოფიო ჯობავა ესწრებოდნენ.
ნომინაციაზე წარდგენილი საქართველოს 1918–1921 წლების კანონმდებლობა და კონსტიტუცია ნათელი დასტურია, რომ საქართველო ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იზიარებდა და ავითარებდა მოწინავე ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს. ამ ისტორიული დოკუმენტების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის წარმოჩენას, არამედ საერთო ევროპული მეხსიერების გამდიდრებას ემსახურება.
საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეროვნული არქივის დოკუმენტურ კოლექციას რეკომენდაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ და ისტორიის დოქტორმა დიმიტრი სილაქაძემ გაუწიეს.
საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში თეონა იაშვილი შეხვდა არქივების საერთაშორისო საბჭოსა და მისი ევროპული განყოფილების პრეზიდენტებს; ასევე კოლეგებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის არქივებიდან და მათთან პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საარქივო სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.