საქართველოს ენერგოსისტემაში ავარიული გათიშვის მიზეზი ძლიერი ქარი იყო
საქართველოს ენერგოსისტემაში ავარიული გათიშვის მიზეზი ძლიერი ქარი იყო

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ენერგოსისტემაში ავარიული გათიშვის მიზეზი ძლიერი ქარი იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრმა, გიორგი ამუზაშვილმა განუცხადა.

„დეტალურ მიზეზებს მომკვლევი კომისია დაადგენს. პირველადი მონაცემებით, გამოწვეული იყო ძლიერი ქარით. შედეგად სისტემაში ორი მძლავრი ელექტროენერგეტიკული ელემენტი გამოირთო და ამოქმედდა ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკა. ამ ავტომატიკის მოქმედების შედეგად, შეიზღუდა ენერგოსისტემაში დაახლოებით 30 პროცენტის მოხმარება, რომელიც ჩაირთო დაახლოებით 30 წუთში. სქემა მოძლიერდა, ჩაირთო ავარიულად გამორთული ელემენტები და გამანაწილებელ კომპანიებს აბონენტების ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ“, – აღნიშნა გიორგი ამუზაშვილმა.

ელექტროსისტემის ცნობით, ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთს“ კაპიტალური რემონტი დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაუტარდა, ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციებისგან კი არც ერთი ქვეყნის ენერგოსისტემა დაზღვეული არ არის.

დღეს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვტ. ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.