საქართველოს ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა რომის პაპს რწმუნებათა სიგელი გადასცა
საქართველოს ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა რომის პაპს რწმუნებათა სიგელი გადასცა

წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ​რომის პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა რომის პაპთან, რომელმაც გულთბილ გარემოში ჩაიარა. შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა პონტიფექსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სფეროების კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას.

შეხვედრის დასასრულს რომის პაპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს ელჩმა პაპს საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი, ნახატი – იოსების სიზმარი, წიგნი ქართული ხელნაწერების შესახებ და ქართული ღვინო, რომელიც გაფორმებული იყო სამაჩაბლოდან დევნილი ქალბატონის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ვაზის რტოთი.

რწმუნებათა სიგელის გადაცემის საზეიმო ცერემონია წმინდა საყდრის სამოციქულო სასახლეში გაიმართა.