საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია
საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილი მიმართვას ავრცელებს და ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს ეხმაურება.

როგორც ელჩი აცხადებს, აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით საელჩოს აქვს წინასწარი ინფორმაცია, როგორც ფაქტების დამახინჯების, ასევე, ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის მიერ დაშვებული გადაცდომების თაობაზე.

„მომავალი კვირისთვის ჩვენ გვექნება კომპეტენტური დასკვნა, რის საფუძველზეც, გარწმუნებთ, ჩვენი რეაგირება ამ შემთხვევაშიც იქნება დროული“, – აცხადებს ელჩი. 

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში არსებულ უმთავრეს პრობლემად რჩება. 

„ვფიქრობ, ზედმეტია იმის განმარტება, რომ ეს პრობლემა უაღრესად დიდ ზიანს აყენებს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის იმიჯს, ასევე საელჩოს საქმიანობას. მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებენ საბერძნეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბერძნულ საზოგადოებაში ქმნიან ძალზე ნეგატიურ ფონს“, – აცხადებს იოსებ ნანობაშვილი. ​

მისივე თქმით, საელჩო საბერძნეთის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების უმაღლეს პირებთან მუდმივ დიალოგშია შემდეგ საკითხებზე: განუხრელად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მიუხედავად იმ დანაშაულის სიმძიმისა, რომელშიც მათ ედებათ ბრალი; არ იყოს დაშვებული მცდარი, ორაზროვანი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულში ბრალდებული ჩვენი თანამემამულეების შესახებ.