საქართველოს ელჩი ნამიბიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია
საქართველოს ელჩი ნამიბიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია

ნამიბიის რესპუბლიკის დედაქალაქ ვინდჰუკში ნამიბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი ნამიბიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრ ნეტუმბო ნ. ნდაიტვას შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ვინდჰუკში საქართველოს ელჩის მიერ გამართული შეხვედრებისას, ნამიბიის მხარესთან განხილულ იქნა საქართველოს და ნამიბიას შორის ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

საქართველოს ელჩი, ასევე შეხვდა ნამიბიის საგარეო უწყების სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებს, მათ შორის, ნამიბიის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დირექტორს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მორინა მუუონჯოს, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების დირექტორს, ინგრიდ ტჟიზოს და ნამიბიის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს მრავალმხრივ საკითხთა დირექტორს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაიკლ ნდივაიელეს.