საქართველოს ელჩი - მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზეა საქართველოს საელჩოსთან და ამ თემაზე ნებისმიერი სხვა წყაროს ინფორმაცია არის სპეკულაცია
საქართველოს ელჩი - მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზეა საქართველოს საელჩოსთან და ამ თემაზე ნებისმიერი სხვა წყაროს ინფორმაცია არის სპეკულაცია

მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. რომი) კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო.

„საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობები ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მოპოვების მიზნით. უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანზიაციასთან, რათა ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ შორის, „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ რომში, რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას, კონსულტაციები მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. ცხადია, საელჩო დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან. მოლაპარაკებებში თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს, მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინის სათანადო რაოდენობა. საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას“, – აცხადებს კოტე სურგულაძე.