საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინურ ჰოლდინგ Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

13:47, 16.09.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მსხვილ ჩინურ ჰოლდინგს, Shenzhen Dabaihui Industrial Group-ს შორის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანიის პრეზიდენტმა, ვენ იუსიუენმა მოაწერეს.

„მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიების ათვისების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც Dabaihui Group-ის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს განიხილავს. თავის მხრივ, ჩინური მხარე მოამზადებს და წარადგენს კონკრეტულ ინიციატივებსა და საინვესტიციო შემოთავაზებებს განახლებადი ენერგიების ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე Shenzhen Dabaihui Industrial Group-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტები ლი შეთანგი და კუ ძუენქუეი და ბიზნესჯგუფის სხვა წარმომადგენლები.

Shenzhen Dabaihui Industrial Group-ი (DBH) ჩინეთის გუანდუნის პროვინციასა და ქალაქ შენჭენში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესჯგუფია. 1994 წელს დაარსებული კომპანია დღესდღეობით 26 შვილობილ საწარმოს აერთიანებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ბიოტექნოლოგია და სასტუმრო ბიზნესი“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი