საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი წუხილს გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო
საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი წუხილს გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისგან სამძიმრის წერილი მიიღო.

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები კონგრესის სახელით თანაგრძნობას გამოხატავენ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებენ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს.

„საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში, შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო. ისრაელში და მსოფლიოს ყველა კუთხეში  მცხოვრები  ქართველი ებრაელები უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. შეძრწუნებულები ვართ მომხდარი უბედური შემთხვევის მასშტაბით და ამ გლოვის ჟამს გვსურს ჩვენი თანაგრძნობა გამოვხატოთ მოძმე ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი და გამგეობის წევრები დავით ბააზოვი, მერაბ სარელი და ლევან მიხაელი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.